ბიძინა ივანიშვილის სახლთან, 20/30 იანელები შეიკრიბნენ და ივანიშვილს ბარბარობა, ლობიანებით და ჩიჩილაკებით მიულოცეს.
აქტივისტების თქმით, ბატონ ბიძინას ყველაფერი საუკეთესო უნდა დაებედოს.
ლობიანი ერთ-ერთმა აქტივისტმა თამარ ჩარკვიანმა თავად გამოაცხო ტრადიციული იმერული წესით.
“დღეს არის ბარბარობა, მოვედით იმისთვის, რომ მივულოცოთ ბატონ ბიძინას ეს დიდებული დღესასწაული. მოვუტანეთ ჩემი გამომცხვარი, იმერული წესით გამომცხვარი ლობიანები. გვინდა, რომ ბავშვობა გავახსენოთ და ბავშვობაში დავაბრუნოთ, ის გემო გავახსენოთ, როდესაც ბაბუდა ვასასი უცხობდა ამ ლობიანებს და გვინდა, რომ გავახაროთ იგი. ასევე მოვიტანეთ ნატვრის ხეები, რომელზეც შევაბით კეთილი სურვილები, რასაც ბატონ ბიძინას ვუსურვებთ.”- ამბობს 20/30 იანელი თამარ ჩარკვიანი.
“გისურვებთ გულწრფელ გარემოცვას”
“ყველა ხე გადაგერჩინოთ”
“მჭიდროდ გეპყრათ ქვეყნის სადავეები”
“მომგებიანი ბიზნესები გქონოდეთ”
“ყველა ნაცი მოგესყიდოთ”
“არ აგცდეთ მთაწმინდაზე დაკრძალვა”.
ასე გამოიყურება ის სურვილები, რომელიც დატოვეს ნატვრის ხეზე 20/30 იანელებმა.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა 20/30-იანელები და მასში გაერთიანებული აქტივისტები, პროტესტს იუმორისტული ფორმებით გამოხატავენ. მათ ხელმოწერებიც კი შეაგროვეს ბიძინა ივანიშვილის მთაწმინდაზე დაკრძალვის მოთხოვნით, ოღონდ “100 წლის შემდეგ”.