საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომა იმართება. სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე ამ წუთებში მიმდინარეობს.
სხდომაზე მისულმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარისგან, არჩილ თალაკვაძისგან მოითხოვა პასუხი, შეუშვებდნენ თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 20 ივნისის აქციის დროს დაკავებულების მოსანახულებლად.
„ბიუროზე შემოვედით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შევიდეთ ციხეში, გვითხარით, გვიშვებთ თუ არა ციხეში დაკავებულების მოსანახულებლად. ბუტაფორია ხართ თავიდან ბოლომდე, არავინ არაფერს გეკითხება. ეს გასაგებია, მაგრამ ადამიანობა მაინც გამოიჩინეთ, შეგვიშვით ციხეში“, – მიმართა ბოკუჩავამ თალაკვაძეს.
„თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც თან ბოიკოტის წერილებს წერთ, თან პარლამენტში ბიუროს სხდომას ესწრებით. ჩამოყალიბდით. არ ესწრებიან, მეგობრებო, ბიუროს სხდომას არ ესწრებიან. პასუხი მოისმინეთ და ეპატაჟი დაასრულეთ. ადგილზე დაბრძანდით, თითს ნუ მიქნევ. დაჯექი თავის ადგილას. გაიყვანეთ აქედან, თუ შეიძლება, ქალბატონი ბოკუჩავა. ეპატაჟი დაასრულე და დამელოდე. მაშინ მიბრძანდი სხდომიდან. კითხვაზე გინდათ პასუხი? დაჯექი და აგიხსნი, დაბრძანდი, ვერავის შეაშინებ ფეხზე წამოდგომით. დაბრძანდით თქვენს ადგილზე და ღვედები შეიკარით. დაბრძანდით თქვენს ადგილას. სავარძელში დაბრძანდით და ღვედები შეიკარით, გირჩევთ“, – მიმართა არჩილ თალაკვაძემ თინა ბოკუჩავას.