ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ორშაბათს, მეგობარი ქვეყნების საელჩოებს თხოვნით მივმართავთ, რომ კონკრეტული პროკურორების, მოსამართლეების მიმართ სანქციები შემოიღონ” – ბადრი ჯაფარიძე

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადება გაავრცელა.

მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტო შემთხვევაა, როდესაც ამდენი პოლიტიკური ლიდერი სხვადასხვა მიზეზით ყოველდღიურად იძულებულია სასამართლოში იაროს და პოლიტიკური დევნის ქვეშ იყოს.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო მიგვეწოდებინა ინფორმაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ბოლო ხანებში გახშირდა ხელისუფლებისა და მმართველი ძალის მხრიდან უკანონო მოქმედებები და ოპოზიციის ლიდერების მიმართ სრულიად გაუმართლებელი ნაბიჯები. ყველა ოპოზიციური პარტია ხელს მოაწერს სიას, რომელიც მოიცავს კონკრეტულ პროკურორებს, მოსამართლეებს და კონკრეტულ შემთხვევებს, როდესაც ისინი ასრულებენ პოლიტიკურ დავალებას და არ ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას და ემსახურებიან მმართველი ძალისა და მმართველი ძალის ხელმძღვანელის სურვილებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ უნდა იგრძნონ, რომ ისინი დაუსჯელად ვერ დააღწევენ თავს, თუკი გააგრძელებენ ოპოზიციური ლიდერების შევიწროვებას და პოლიტიკურ დევნას. სამწუხაროდ, აღმოვაჩინეთ, რომ ამ დარბაზში, ოპოზიციური პარტიების ლიდერებიდან პრაქტიკულად არც ერთი არ დარჩენილა და ამა თუ იმ მიზეზით არის პოლიტიკური დევნის ქვეშ. აუცილებელია ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა შემოიღონ შეზღუდვები, პირველ ეტაპზე, ამ ადამიანების მოგზაურობის მიმართ ამ ქვეყნებში და ჩვენ უკვე ორშაბათს მივმართავთ სიით ჩვენი მეგობარი ქვეყნების საელჩოებს კონკერტული ადამიანების და კონკრეტული პროკურორების, მოსამართლეების მიმართ სანქციების შემოღების თხოვნით”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს “ჰოლი დეინნ”-ში ოპოზიციური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა გაიმართა.

იტვირთბა....