მთავარი ციტატა

“ეს არის, სავარაუდოდ, ქიმიური შეტევა პარლამენტზე” – თალაკვაძე

“რაც მოხდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სავარაუდოდ, ეს არის ქიმიური შეტევა პარლამენტზე, პარლამენტის წევრებზე… რამდენიმე ადამიანი, სავარაუდოდ, არის მოწამლული. მათ დასჭირდათ სამედიცინო დახმარება… თუ რა კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს ამას, ეს რა თქმა უნდა, შესაბამისი სამსახურების საქმეა. უკვე დაწყებულია ღონისძიებები, რომელიც დაადგენს, თუ რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული და ვისი მხრიდან მოხდა გამოყენება”

არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარე

შეგახსენებთ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტექნიკური შესვენება მას შემდეგ გამოცხადდა, რაც “ქართული ოცნების” ლიდერებმა თქვეს, რომ სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლებმა გაურკვეველი ტიპის ხსნარი დაასხეს.

ტექნიკური სხდომის გამოცხადების შემდეგ, უმრავლესობის დეპუტატმა, ზაზა პაპუაშვილმა თქვა, რომ მძაფრი სუნი პარლამენტის სხდომათა დარბაზში მას შემდეგ დადგა, რაც დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატები ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.

“მეტრონომი” დაუკავშირდა “ევროპული საქართველოს” წევრს, ლელა ქებურიას, რომელიც უარყოფს ინციდენტში მონაწილეობას.

განცხადება გააკეთა “ევროპული საქართველოს” წევრმა, ირმა ნადირაშვილმაც. მისი თქმით, ინციდენტში მონაწილეობაზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

მომხდარის შემდეგ, განცხადება გაავრცელა “სირცხვილიამ”, რომელმაც მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო.

ტელეკომპანია “იმედმა” კი, გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც შესაძლოა, გაურკვეველი ნივთიერების გამოყენება იყოს ასახული.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ინფორმაციით, პარლამენტში მომხდარი ინციდენტის შედეგად, 4 ადამიანი, მათ შორის, ორი დეპუტატი და აპარატის ორი თანამშრომელი დაშავდა.

 

 

იტვირთბა....