ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მოსახლეობაში სრული ნიჰილიზმი და უიმედობაა – ყველგან სერიოზული პრობლემები და სტაგნაციაა” – ალექსანდრე ერქვანია

“მინდა მივმართო უმრავლესობის ლიდერებს, ვიცი და ვგრძნობ, როგორ დისკომფორტს განიცდით ჩემი განცხადებების და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პოზიციების გამო. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, დღეიდან მოგიხსნათ ეს უხერხულობა, ვტოვებ „ქართულ ოცნებას“ და საპარლამენტო უმრავლესობას და ვრჩები დამოუკიდებელ დეპუტატად“, – აცხადებს ალექსანდრე ერქვანია, რომელიც ქვეყანაში შექმნილ ვითარებასაც აფასებს.

“სამწუხაროდ, მოსახლეობაში სრული ნიჰილიზმი და უიმედობაა. ხალხის უმეტესობა მომავალზე ხელჩაქნეულია. ყველგან სერიოზული პრობლემები და სტაგნაციაა. ქვეყანაში ყოველდღიურად ღრმავდება პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, სრული ქაოსი და გაურკვევლობაა. პოლიტიკოსების უმრავლესობას არ გააჩნია პასუხისმგებლობა ღვთის, ერისა და ქვეყნის წინაშე. მიმდინარეობს ბრძოლა მხოლოდ ძალაუფლებისთვის, ფულისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის.

ქვეყნისთვის ყველაზე დამანგრეველი კი, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაა, რადგან ეს საყრდენს აცლის და ანადგურებს იმ საძირკველს, რაზედაც დგას ჩვენი ქვეყანა. ქრისტეს მოძულეები, ღირსებააყრილი და უზნეო ადამიანები ცდილობენ, ქართველი ხალხი მოწყვიტონ იმ ფესვებს, რომლითაც საზრდოობს და ცოცხლობს ჩვენი ერი.

სამწუხაროდ, ხელისუფლების დუმილმა, უმოქმედობამ და ზოგიერთების მხრიდან ფარულმა მხარდაჭერამ ხელი შეუწყო ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ძალებს, წლების განმავლობაში ეწარმოებინათ ბრძოლა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ. ამიტომ, დღეს ხელისუფლების მხრიდან ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ მხარდამჭერი განცხადებები წინასაარჩევნო თვალთმაქცობაა“, – განაცხადა ერქვანიამ.

იტვირთბა....