ომბუდსმენის სკანდალურ განცხადებაზე, რომ ციხეებში ე.წ. მაყურებლების ინსტიტუტი ბრუნდება, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
“მეტრონომი” დაუკავშირდა აღნიშნულ სამსახურს, სადაც ამ დრომდე არ იციან, საერთოდ გაკეთდება თუ არა ოფიციალური განცხადება სახალხო დამცველის საპასუხოდ. ყოველ შემთხვევაში, ასე განუცხადეს “მეტრონომს” პრესსამსახურში.
“გაკეთდება თუ არა განცხადება, ამას პრესსამსახურის უფროსი გადაწყვეტს. თუ გავაკეთებთ განცხადებას, ყველასთვის გავავრცელებთ”, – ამბობენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, რომლის განცხადებასაც, გავრცელების შემთხვევაში “მეტრონომი” ოპერატიულად შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება პენიტენციურ სისტემაში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა.
ომბუდსმენი ამბობს, რომ ციხეებში ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტი – არაფორმალური მმართველობის მანკიერი ფორმები აღდგა.
“მე მინდა, განსაკუთრებულად გავამახვილო ყურადღება პენიტენციალურ დაწესებულებაში არსებულ კრიმინალურ სუბკულტურასა და არაფორმალური მმართველობის ფორმების მანკიერ პრაქტიკაზე… დგინდება არაფორმალური მმართველობის სისტემური ხასიათი, რაც კონკრეტული პატიმრების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებასა და დავის გადაწყვეტის არაფორმალური გზების არსებობას ადასტურებს…