ვიცე პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის რიგით მე-18 სესიის ფარგლებში, ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას შეხვდა.
იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე თეა წულუკიანმა რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ეთნიკური წმენდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და ომის დანაშაულების მსხვერპლი გახდა, გამოძიებიდან ელოდება კონკრეტულ შედეგებს, რათა აღსრულდეს მართლმსაჯულება. ასევე, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა ძალიან მაღალ დონეზე ხორციელდება.
უწყების ცნობით, როგორც შეხვედრაზე პროკურორმა ფატუ ბენსუდამ განაცხადა, რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიება აქტიურ ფაზაშია და მისი, როგორც ჰააგის სასამართლოს პროკურორის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნულ საქმეზე კონკრეტული შედეგები დადგეს. ფატუ ბენსუდას უფლებამოსილების ვადა 2020 წლის ბოლოს ეწურება.