“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის მის მიმართ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის თბილისში იმყოფება. “მამუკა მდინარაძეს ჩემგან გადაეცით, რომ პუტინმა და მისმა მთელმა ადმინისტრაციამ მოიკითხა” – აცხადებს ვაშაძე.
მან „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტზეც გააკეთა კომენტარი.
“აქვე ვიტყვი, რომ იმისთვის, რომ რეპრესიული დიქტატურა შევცვალოთ, მთელი ოპოზიცია გაერთიანებული უნდა იყოს, შემდეგ როცა მივაღწევთ იმას, რომ სახელმწიფოში იყოს ნორმალური დემოკრატია, გავიყოფით და არჩევნებზე იქნება ნორმალური დისკუსია. დარწმუნებული ვარ, რომ პროდასავლური ძალები, როგორც ყოველთვის, მოიგებს უდიდესი უპირატესობით,“ – განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ მამუკა მდინარაძემ ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტზე კომენტარისას ჟურნალისტებს უთხრა:“გრიგოლ ვაშაძე მოიკითხეთ? მასთან ერთად ხომ არ არის?“