“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათლაშვილი მცხეთაში, დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარული ბიუროს ოფისთან მომხდარ შემთხვევას ეხმაურება.
როგორც მან მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, დაპირისპირებას ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი აღვივებს.
“ვნახეთ ივანიშვილ-ხუნდაძის ახალი შემოქმედება – ნაცემი ახალგაზრდები, მათგან ორი წვეთოვან საშუალებაზეა მიერთებული. ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ პირდაპირი გაგებით. ახლაც ხომ ვერ იტყვიან, რომ პარლამენტს უტევდნენ ახალგაზრდები. მოვიდნენ მშვიდობიან აქციაზე მცხეთის მერიასთან, სადაც მოღვაწეობს წარუმატებელი ივანიშვილის ექიმი – პაციენტს რომ ვერაფერი უშველა – ხუნდაძე, რომელიც ახლა საქართველოს დაავადებაზე გადავიდა და წაგვართვა პროპორციული სისტემის პერსპექტივა ივანიშვილის დავალებით… ეს მხედრიონია პირდაპირი გაგებით, რომლებიც დაესხნენ თავს ბავშვებს. ჩვენ ვართ სამოქალაქო დაპირისპირების იმ სტადიაზე, რომელსაც აღვივებს ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი… ჩვენ თუ ეს ხელისუფლება არ ჩავაბარეთ ისტორიას და მოუსავლეთს, ის გაიმეორებს 90-იან წლებს, დააპირისპირებს ახალგაზრდებს ერთმანეთთან, წამოაგორებს სამოქალაქო ომს”, – განაცხადა შალვა ნათლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მცხეთაში, დიმიტრი ხუნდაძის ბიუროს ოფისთან მოძრაობა “გაბედეს” წევრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე პირი დაშავდა.
პოლიციამ, დაახლოებით, 7 პირი, მათ შორის, შალვა ნათლაშვილის შვილი ბექა ნათლაშვილი დააკავა.
მოძრაობა “გაბედეს” წევრებს სურდათ, მიეღოთ პასუხი ხუნდაძისგან, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.