საშინელი მკვლელობა მოხდა კიევის ცენტრში. გვიან ღამით, კიევის ცენტრალურ რაიონში უცნობმა პირებმა დაცხრილეს ქალაქის საოლქო საბჭოს დეპუტატის, ვიაჩესლავ სობოლევის მანქანა, რომელშიც თავად დეპუტატი და მისი შვილი ისხდნენ. უკრაინის მედიასაშუალებები თავად სობოლევზე დაყრდნობით წერენ, რომ დეპუტატი გადარჩა, თუმცა, სამწუხაროდ, მისი 3წლის შვილი დაიღუპა.
მკვლელობა ტოლსტოის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი მძღოლის მხარეს ისროდა, თუმცა ტყვია 3 წლის ბავშვს მოხდა და ის სასწრაფო დახმარების მოსვლისთანავე გარდაიცვალა.
მოგვიანებით, სობოლევმა კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ის საკუთარი რესტორნიდან სახლისკენ მოდიოდა და ავტომობილში მისი ოჯახის წევრები ისხდნენ. როგორც ის ყვება, სროლა მაშინ ატყდა, როცა მან გზაჯვარედინზე, შუქნიშანთან შეაჩერა.
მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ დააკავა ეჭვმიტანილები და მიმდინარეობს მათი დაკითხვა.
აღსანიშნავია, რომ ვიაჩესლავ სობოლევი უკრაინაში, ერთ-ერთი მსხვილი სუპერმარკეტის ქსელის დამფუძნებელი და “ნავთოგაზის” დირექტორის მოადგილეა.