ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კარგი სანახავი იქნება 92 „პატიოსანი გვამი“, რომელიც მელიას საქმეზე გადაწყვეტილებას თავიდან მიიღებს“ – უგულავა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის “ბანკი ქართუს” საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.

„ჩვენ ვნახეთ ერთხელ ის სამარცხვინო სცენა, რაც უმრავლესობამ ჩაატარა მელიასთან დაკავშირებით, შეუწყვიტეს სხვა საქმეზე და პირდაპირ ციხეში გაუშვეს. ახლაც ასე იქნება როგორც ჩანს, პარლამენტიდან გაძევება უნდათ და ეს პირანიები, უმრავლესობა პირანიებად არის ჩამოყალიბებული, ალბათ, დაძიძგნიან და მორიგ ჯერზე მელიას შეუწყვეტენ უფლებამოსილებას. ეს არის მათი სტილი, ბრეჟნევივით მარტო თავისთავთან ატარონ სხდომები, გარედან დისკომფორტი არ მოსწონთ. მაგრამ რაც არ უნდა ჩაიკეტონ, ფანჯრები დაგმანონ, გარეთ ხალხია და ხალხი ყოველთვის გააგონებთ ხმას. მე ველოდებოდი, რომ გამამტყუნებელი განაჩენი იქნებოდა, რამდენად გაქაჩავდა პატიმრობას, ამაზე იყო საქმე. სასამართლომ მიიღო შუალედური გადაწყვეტილება. ახლა ყველაზე კარგი სანახავი იქნება საპარლამენტო უმრავლესობის 92 „პატიოსანი გვამი“, რომელიც მელიას საქმეზე გადაწყვეტილებას თავიდან მიიღებს“, – აცხადებს უგულავა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია “ბანკი ქართუს” გაკოტრების საქმეზე სასამართლომ 25 000 ლარით დააჯარიმა. გარდა ამისა, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

ამავე საქმეზე, იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა.

მელიასა და ადეიშვილს ბრალი 2013 წელს “ბანკი ქართუს” საქმეზე წაუყენეს. მათ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარებას ედავება.

იტვირთბა....