ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა, მოხარულია, რომ დიალოგი შედგა.
მან შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი ვარიანტი იქნა განხილული, ასევე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსჯელობა გაგრძელდება.
„დღეს დილით, შეხვედრის დაწყებამდე, მე აღვნიშნე, რომ ჩვენ გვქონდა მოლოდინი და იმედი, დაიწყებოდა მსჯელობა და დიალოგი ნდობის აღდგენასთან დაკავშირებით და იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ. მე მოხარული ვარ, რომ ეს გამართლდა, დიალოგი შედგა. შეხვედრაზე ბევრი ვიმსჯელეთ. შეხვედრის დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა განვიხილეთ ბევრი ვარიანტი და არჩევანი, რომ ეს პრობლემები გადაწყდეს და რაც მთავარია, შევთანხმდით, რომ ეს დიალოგი და მსჯელობა გაგრძელდება აღნიშნულ საკითხებზე. ამაზე შეთანხმდა მმართველი გუნდი და ოპოზიცია. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორები მზად ვართ, გავაგრძელოთ მხარდაჭერა ამ პროცესში“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.
შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შეხვედრა იმართება, სადაც მთავარი თემა საარჩევნო სისტემაა.