საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ დიპლომატების პოზიცია არის, რომ დიალოგი გაგრძელდეს და პოლიტიკური სპექტრი რაღაც კონსენსუსამდე მივიდეს
მისი თქმით, შეხვედრაზე გერმანულ მოდელთან დაკავშირებით საუბარი თეორიულ ჭრილში წარიმართა.
„ამ ნაწილში მიდიოდა საუბარი ძირითადად თეორიულ ჭრილში, ანუ ესადაგება თუ არ ესადაგება კონსტიტუციას წარმოდგენილი მოდელი, საუბარია გერმანულ მოდელზე, მაგრამ აქ პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მისაღები, პოლიტიკური გადაწყვეტილება – მზად არის თუ არა ხელისუფლება და უმრავლესობა, რომ წამოვიდეს ჯანსაღ ცვლილებებზე. როგორც წესი, დიპლომატების პოზიცია არის, რომ დიალოგი გაგრძელდეს და რაღაც კონსენსუსამდე მივიდეს პოლიტიკური სპექტრი“, – განაცხადა ინაშვილმა.
ამასთან, ვიცე-სპიკერი შეხვედრასთან დაკავშირებით პროგნოზს ჯერჯერობით ვერ აკეთებს.
„ჯერჯერობით მიჭირს რამე პროგნოზის გაკეთება, თუმცა უნდა ითქვას, რომ აი ახლა, დღეს წარმოდგენილი უმრავლესობა, ხაზს უსვამდა იმას, რომ მზად არის პროპორციულ სისტემას დაუჭიროს მხარი და თუ მზად არიან, ჩვენც ვეუბნებით და კონკრეტულად „პატრიოტთა ალიანსი“, რომ დავიწყოთ ცვლილებების განხორციელება და გადავიდეთ ამ სისტემაზე 2020 წლიდან, რადგან 2024, 2028, 2036 და ცხოვრება გავიდა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შეხვედრა იმართება, სადაც მთავარი თემა საარჩევნო სისტემაა.