ფინანსთა მინისტრის განცხადებით თუ პროპორციული არჩევნების მოთხოვნა საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნა იყო, მაშინ ეს საზოგადოება საარჩევნო ყუთთან მოვა და პასუხს გასცემს.
მინისტრმა ასევე უპასუხა კითხვას, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მთავრობა პასუხისმგებლობას გრძნობს თუ არა.
„კი ბატონო, გრძნობს, როგორ არ გრძნობს? ნაწილმა დატოვა კიდეც უმრავლესობა. ნაწილი დარჩა, მაგრამ შეწუხებულია“,- განაცხადა მინისტრმა.
მაჭავარიანის თქმით, პირობა, რომ არ შესრულდა თუ ასეთი რეპუტაციული სიმძიმის მატარებელია და ესაა ქვეყნის დაქცევა, ამას საზოგადოება პასუხს არჩევნებზე გასცემს.
„ქვეყნის არევა და პროტესტი, რომელიც ზღვარს გადადის, მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ხელისუფლება უკანონობას ჩადის. ტყუილია, რომ ცალსახად, ქვეყნის მომავლისთვის, პროპორციული სისტემა ჯობია ნულოვანი ბარიერით. ეს იყო პოლიტიკური კომპრომისისთვის გადადგმული ნაბიჯი და არა იმისთვის, რომ ქვეყნის მმართველობის უკეთესი მოდელია. ეს იყო დაპირება, მაგრამ არანაირად არ ნიშნავს, რომ არსებული მოდელი უკანონო, არაკონსტიტუციური ან უვარგისია.
ნახეთ, ალბათ, ბიძინა ივანიშვილს გუშინდელი ინტერვიუ, ერთი მომენტია, რომელსაც მინდა ხაზი გავუსვა და ამ ნაწილს სცემს პასუხს, თუ პროპორციული არჩევნების მოთხოვნა იყო საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნა და მათ მიაჩნიათ, რომ ესაა სწორი მოდელი, მაშინ ეს საზოგადოება მოვა საარჩევნო ყუთთან და პასუხს გასცემს. ხოლო თუ ეს მხოლოდ იმ პატარა გუნდისთვისაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომელიც ქუჩაშია, მაშინ დარჩება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“,-აცხადებს მაჭავარიანი.
მისივე თქმით, ნებისმიერი სახის პროტესტი, თუ ეს პროტესტი არის დროში გაწელილი ან მასშტაბური, ასე თუ ისე ნეგატიურ ელფერს სძენს ეკონომიკურ პროცესებს.