ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

ბეთანიაში გზების რეაბილიტაცია ხორციელდება

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ბეთანიაში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. საგზაო ინფრასტრუქტურა ამ დროისთვის ოთხ ქუჩაზე ეწყობა.

კერძოდ, გზის საფარი ლადო ასათიანისა და მურმან ლებანიძის ქუჩებზე, ამავე ქუჩების პირველ ჩიხში, ასევე, გრიგოლ რობაქიძისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩებზე განახლდა. აღნიშნულ მისამართებზე მომზადდა გზის საფუძველი და ასფალტის საფარი დაიგო.

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან ბეთანიაში თითქმის არ არსებობდა მოწესრიგებული გზა. მოგეხსენებათ, ეს დისკომფორტს არა მხოლოდ დამსვენებლებს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობასაც უქმნიდა. მასშტაბური საგზაო სამუშაოების შედეგად, ამ ეტაპზე, ოთხ ქუჩაზე ახალი გზა მოეწყო, რომლის შედეგად, გადაადგილება ბევრად უფრო კომფორტული გახდება“, – განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ.

პროექტის შედეგად, ლადო ასათიანის ქუჩაზე და I ჩიხში 2 970 მ2 ფართობის გზა დაიგო, მურმან ლებანიძის ქუჩაზე და I ჩიხში – 4 370 მ2, გრიგოლ რობაქიძის ქუჩაზე გზის საფარი 2 540 მ2 ფართობზე მოეწყო, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე კი – 3 100 მ2.

ოთხივე ქუჩის საგზაო სამუშაოების ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 520 000 ლარს შეადგენს.

იტვირთბა....