“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, შესაძლოა, ისევ დააპატიმრონ. საუბარია “სითი პარკის” დიდი ოდენობით შემოსავლების უკანონო ლეგალიზაციასა და ე.წ. მარნეულის ეპიზოდზე – ყველა საქმე ერთ ეპიზოდად ხუთი წელია რაც განიხილება.
ტელეკომპანია “იმედის” ცნობით, წერილობითი მტკიცებულებების ათობით ტომი უკვე შესწავლილია, დაკითხულია ასობით მოწმე.
“ველოდებით გამამტყუნებელ განაჩენს, წარმოდგენილია მტკიცებულებები როგორც მოწმეთა ჩვენებების დონეზე, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც სრულად არის ერთმანეთთან თანხვედრაში და ცალსახად ადასტურებს გიორგი უგულავას ბრალეულობას ამ ეპიზოდებში”, – განაცხადა პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ.