გამოცემა “ბათუმელების” ინფორმაციით, ბათუმის მერიასთან პოლიციაა მობილიზებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, პოლიციელები მართლწესრიგის გამო არიან მობილიზებული, თუმცა პასუხი არ ჰქონდათ, თუ რატომ გადაწყვიტა პოლიციამ წესრიგის დაცვა, როცა მერიასთან საპროტესტო აქცია არ იმართება.
ბათუმის მერიასთან ასევე შეკრებილია რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში – მუხრან ვახტანგაძე. ისინი არ ამბობენ, რის გამო შეიკრიბნენ მერიასთან და აპროტესტებენ თუ არა რამეს.
დეპუტატმა მუხრან ვახტანგაძემ „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ „თავისი სამაჟორიტაროა“ და იმიტომ იმყოფება მერიასთან.
აქვე მდგომმა ახალგაზრდამ კი გვითხრა, რომ მუხრან ვახტანგაძესთან შესახვედრად იმყოფება მუნიციპალურ ორგანოსთან.
„მერია ჩვენ მოვატყუეთ, ვუთხარით, რომ ვაპირებდით მისვლას და ბოქლომის დადებას,“ – ამბობს გია ხალვაში, „ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივის“ წევრი. მან და სხვა სამოქალაქო აქტივისტებმა დღეს, 22 ნოემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.
„უმაღლესი საბჭოს ეზოში ზონდერებად მობილიზებული იყვნენ მერიის თანამშრომლები. რამდენიმე მათგანი ვიცანით და ვუთხარით, რომ მერიასთან ვაპირებდით მისვლას… მერიასთან აქციის ჩატარებას ჩვენ არ ვგეგმავდით. უმაღლეს საბჭოსთან აქცია დამთავრდა. ბოქლომი ისევ ადევს ჭიშკარს,“ – გვითხრა გია ხალვაშმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარული ოლქის შენობებს ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივესტებმა ბოქლომები დაადეს.