“მეგობრებო, ეს არ იქნება მარტივი ბრძოლა. პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის ის, რომ ამ მოღალატე პარლამენტარებმა ვეღარ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ხართ ამაზე თანახმა? თუ ეს მოღალატეები შევიდნენ პარლამენტში, ისინი საშვილიშვილოდ დაგვასვამენ მურუსიძეს თავზე; დაგვასვამენ უდიპლომო ნაგავს თავზე; დაგვასვამენ უსინდისოებს თავზე… ყოველი დღე მათი მუშაობის არის სახიფათო იმიტომ, რომ ივანიშვილი უდრის ქაოსს, ქაოსი უდრის სიღარიბეს, სიღარიბე კი ტანჯავს ყველა ჩვენთაგანს გარდა ბიძინასი და მისი ახლო მეგობრების… დღევანდელი დღე იქნება გარდამტეხი. მოგმართავთ თქვენ, ვინც დარჩით “ქართულ ოცნებაში” – თქვენ ხვალიდან მუშაობას პარლამენტის შენობაში ვერ გააგრძელებთ. “ქართული ოცნების” ვერც ერთი დეპუტატი ამ შენობაში ვეღარ შევა… მარტო ერთხელ გაიხსენება პარლამენტის კარები, როდესაც ჩავიბარებთ ივანიშვილის კაპიტულაციას”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
აღნიშნული განცხადება უგულავამ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში დედაქალაქის მთავარ გამზირზე გაერთიანებული ოპოზიცია, ლოზუნგით – “ერთად ერთის წინააღმდეგ” საპროტესტო აქციას მართავს. პარლამენტის შენობამდე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები მსვლელობით მივიდნენ.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილების მთავარი მოთხოვნა პროპორციული სისტემით რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა.
საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ე.წ. გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ გააკეთა.