ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის 134 ბაღის საწყობებიდან და ეზოებიდან ჯართად ქცეული ინვენტარის გატანა დაიწყო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ქალაქის 134 ბაგა-ბაღში 30 წლის მანძილზე არსებული ერთ-ერთი მწვავე პრობლემა მოაგვარა – ბაღების საწყობებიდან და ეზოებიდან 165-მდე ტონა ჯართის გატანა დაიწყო.

ბაგა-ბაღებში დაზიანებული, ამორტიზებული თუ კანონმდებლობით აკრძალული ინვენტარი რეგულარულად იცვლება, თუმცა დაწესებულების ბალანსზე არსებული ნებისმიერი ქონება დედაქალაქის საკუთრებას წარმოადგენს და მისი გასხვისება ან რაიმე ფორმით გატანა აქამდე ვერ ხერხდებოდა.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ერთწლიანი მუშაობის შედეგად, პრობლემის გადაჭრა მოხერხდა.

„ამ საკითხზე მუშაობა გასულ წელს დავიწყეთ, რადგან, როგორც აღმოჩნდა, ბაღების ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა იყო ეზოში განთავსებული, დაზიანებული ინვენტარი თუ სხვა მასალები, ასევე გადატვირთული საწყობები, რომელსაც სააღმზრდელო დაწესებულებები სათანადოდ ვერ იყენებდნენ. ჩვენ დედაქალაქის ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად აღვწერეთ დაგროვილი ჯართი, რის შემდეგაც ქონების მართვის სააგენტომ აღნიშნული ინვენტარი აუქციონის წესით, 134 ლოტად გაყიდა. ჯართის გატანა დაწყებულია და მას სამი კომპანია უზრუნველყოფს,“ – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
მისივე თქმით, ჯართის გატანის შემდეგ თუ მოსაწესრიგებელი იქნება ბაღების ინფრასტრუქტურა, სააგენტო ამ პროექტებსაც დააფინანსებს.

იტვირთბა....