ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ომბუდსმენი – “ვერავინ ვერავის აუკრძალავს ან დაუდგენს, რა ტიპის ფილმი უნდა გადაიღოს, გაუშვას ან უყუროს”

სახალხო დამცველი ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებსა და დაანონსებულ აქციას ეხმაურება.

როგორც ნინო ლომჯარია ამბობს, “ვერავინ ვერავის აუკრძალავს ან დაუდგენს, რა ტიპის ფილმი უნდა გადაიღოს, გაუშვას ან რა ფილმს უნდა უყუროს”

„ეს პოზიცია არის შუასაუკუნეობრივი აზროვნება. ჩვენს სახელმწიფოში კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი შემოქმედების თავისუფლება და ვერავინ ვერავის აუკრძალავს ან დაუდგენს, რა ტიპის ფილმი უნდა გადაიღოს, გაუშვას ან რა ფილმს უნდა უყუროს, ან რა წიგნი წაიკითხოს. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, სახალხო დამცველმა გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება. გამოხატვის თავისუფლების უფლებით დაცულია მშვიდობიანი და ისეთი ტიპის გამოხატვა, რაც არ არღვევს სხვა პირთა უფლებებს და თავისუფლებებს. ჩვენ რაც მოვისმინეთ, ეს იყო პირდაპირი მუქარა, რომ მოახდენენ კონკრეტული შენობების ბლოკირებას, ჩაშლიან კინოჩვენებას და არ შეუშვებენ იქ ადამიანებს. აღნიშნული ქმედებები თუ განხორციელდა, ეს არ წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროს. სწორედ ამაზე მივანიშნეთ ჩვენ აქციის მონაწილეებს და შსს-ს, რომ მიიღონ ზომები იმისათვის, რათა სხვა პირთა გადაადგილების თავისუფლებას და მათი უფლებების რეალიზაციას და უსაფრთხოებას არ შეექმნას საფრთხე. იმედი მაქვს, პოლიცია იქნება მობილიზებული და თავიდან იქნება აცილებული გართულებები“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც განაცხადა, რომ აღნიშნული ფილმის გადაღებით მთელ მსოფლიოში ქართული კულტურა შეარცხვინეს.

მისივე თქმით, “არავითარი კომბალი ან იარაღი, შიშველი ხელებით შევდივართ კინოთეატრებში და ვშლით სეანსებს, ვთიშავთ ფილმის ჩვენება”.

ფილმის პრემიერასთან დაკავშირებით, განაცხადება საქართველოს საპატრიარქომაც გაავრცელა.

განცხადებაში, რომელიც საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამი იყო, რომ ასეთი ფილმის ჩვენება მიუღებელია.

შსს-ში კი, აცხადებენ, რომ პრმიერის დროს, უწყება საზოგადოებრივი უსფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფს.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში 8 ნოემბერს გაიმართება.

 

იტვირთბა....