გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ უხუთში, უკანონოდ ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქემ არარეგისტრირებული სანადირო თოფით წითელ ნუსხაში შეტანილი მურა დათვი მოკლა.
დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა ამოღებული ნივთმტკიცებულებები – დანა, დაურეგისტრირებელი თოფი, დამუხტული და გასროლილი ვაზნები, ცხოველის ტყავი და 107 კგ. ხორცი დალუქეს.
როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები განმარტავენ, მურა დათვი წითელ ნუსხაში შეტანილი გარეული ცხოველია, შესაბამისად, გარემოსთვის მიყენებულია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც 50 000 ლარს შეადგენს. გამოვლენილი სამართალდარღვევა სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გადააგზავნეს.
მურა დათვის მკვლელობის გამო, სავარაუდოდ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება.