თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ამჟამად, დედაქალაქში 9 ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაგა-ბაღი შენდება, რომელთაგან ერთი – სოფელ ფონიჭალაში მდებარე N81 ბაგა-ბაღი, ნოემბრის შუა რიცხვებში გაიხსნება.
ახალი ბაღების მშენებლობით აღსაზრდელთა რაოდენობა 2500-ით გაიზრდება და 500-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.
კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც სააგენტო ახორციელებს, დამატებითი კორპუსის მშენებლობაა. სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი თბილისის N10-ე ბაღის ტერიტორიაზე დასრულებულია, მიმდინარეობს შიდა სარემონტო და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები. აღნიშნული კორპუსი ექსპლუატაციაში წლის ბოლომდე შევა.
„2019 წელი უპრეცედენტო მასშტაბებისა და რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტებით დავიწყეთ. ახალი ბაღების პარალელურად, მიმდინარეობს მასშტაბური სარეაბილიტაციო- სარეკონსტრუქციო სამუშაოები N200, N126 და N12 ბაგა-ბაღებში, სადაც სააღმზრდელო პროცესში ნოემბრის შუა რიცხვებიდან განახლდება, ხოლო 2020 წელს დავასრულებთ N4, N55, N2 და N155 ბაგა-ბაღების შენობების სრულ რეაბილიტაციას,“ – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
მისივე თქმით, მასშტაბური პროექტების პარალელურად, მუდმივად, მთელი წლის განმავლობაში ხორციელდება შედარებით მცირე მასშტაბის, თუმცა ბაღების გამართული მუშაობისთვის აუცილებელი სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები, როგორიცაა შიდა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება-რეაბილიტაცია, ეზოების კეთილმოწყობა, ჯგუფებისა და სამზარეულოების რემონტი და სახურავების განახლება.