ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს – ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით საზღვრის უსაფრთხოების და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების ღონისძიებები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დადებითად შეაფასა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს და აღნიშნავს, რომ ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით საზღვრის უსაფრთხოების და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების ღონისძიებები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დადებითად შეაფასა.

“ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა 1-ელ ნოემბერს გამოაქვეყნა ტერორიზმის შესახებ ქვეყნების ანგარიში, რომელშიც დადებითაც არის შეფასებული საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით. დოკუმენტი ასახავს ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით მსოფლიოში არსებულ სურათს 2018 წლის მდგომარეობით და მასში, სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც არის შეფასებული.

დოკუმენტში საუბარია, რომ საქართველო, როგორც „ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის“ დიდი ხნის წევრი, მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. აგრეთვე ხაზგასმულია, ამ მიმართულებით საქართველოს თანამშრომლობა საერთაშორისო, რეგიონულ და ორმხრივ დონეზე, მათ შორის ნატოსთან, ევროპის საბჭოსთან, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან და „სუამ“-თან.

სამართალდაცვითი და საზღვრის უსაფრთხოების მიმართულებით, აღნიშნულია 2018 წელს საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები საკანონმდებლო ბაზისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით სასაზღვრო, საზღვაო და საავიაციო უსაფრთხოების გაძლიერების სფეროში. კერძოდ, დადებითად არის შეფასებული გაეროს უშიშროების საბჭოს 2396 რეზოლუციის შესაბამისად, მგზავრის წინასწარი მონაცემებისა და სახელის ჩანაწერის სისტემების განვითარება, ინტერპოლის მონაცემთა ბაზების ინტეგრირება ეროვნულ სასაზღვრო მონაცემთა ბაზებში, სომხეთისა და თურქეთის ოთხ სახმელეთო სასაზღვრო სექტორზე გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, ასევე, სომხეთთან მოსაზღვრე სამ სახმელეთო სასაზღვრო სექტორზე სათვალთვალო და მონიტორინგის სისტემების დანერგვის ფაქტები. საზღვაო უსაფრთხოების მიმართულებით, აღნიშნულია, რომ 2018 წლის ოქტომბერში აშშ-მ საქართველოს სანაპირო დაცვას „აილენდის“ კლასის ორი სადარაჯო ხომალდი გადასცა, საქართველოს მთავრობამ კი ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის ახალი დებულება დაამტკიცა, რითიც განახლდა ინფორმაციის გაცვლის წესები და პროცეუდრები. კონტრტერორისტული კანონმდებლობის გაძლიერების მიმართულებით, დადებითად არის შეფასებული სისხლის სამართლის კოდექსში შესული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც გაიზარდა ხელისუფლების წარმომადგენლების უფლებამოსილება უცხო ქვეყნის იურისდიქციას მიკუთვნებულ საქმეებთან მიმართებით და აგრეთვე, გამომძიებლებს და პროკურორებს მიენიჭათ უფლება, დისტანციურად გამოკითხონ მოწმეები და აწარმოონ გამოძიება უცხო ქვეყნის იურისდიქციის ფარგლებში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2018 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროპოლთან ურთიერთგაგების მემორანდუმს უსაფრთხო კომუნიკაციის არხის თაობაზე, აგრეთვე, მეკავშირეობის შესახებ შეთანხმებას. 23 ქვეყანასა და ევროკავშირთან უკვე არსებულ შეთანხმებებზე დამატებით, საქართველომ საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმებები ასევე გააფორმა ალბანეთთან, მოლდოვასთან და იტალიასთან”. – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

იტვირთბა....