ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას აფასებს.
მეუფე პეტრეს თქმით, იმ ფონზე, როდესაც მთავრობა აცხადებს, რომ ეკლესიაში განვითარებული მოვლენები გარე ძალების მიერ არის მართული, ხელისუფლება ვალდებულია, დაამტკიცოს მათი ვინაობა.
“რაც შეეხება შეფასებას მოვლენების, ვიტყოდი, რომ უფრო ღირსეული უნდა იყოს ქვეყნის პირველი პირისა იმიტომ, რომ აშკარად ჩანს თეთრი შავზე, რომ ეკლესიაში არის პრობლემები. მსგავსი შეფასება, რომ ყველაფერი თითქოს გარე ძალებიდან არის, ხელისუფლება ვალდებულია, დაამტკიცოს, ვინ არიან ეს გარე ძალები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს როგორც მინიმუმ არის ფარისევლობა. რა თქმა უნდა, მე მესმის მათი პოლიტიკური განწყობისა, რომ 2020 წლის არჩევნებია ჩასატარებელი, მაგრამ ამ მეთოდით ვფიქრობ, რომ გაჭირდება ამ არჩევნების ღირსეულად ჩატარება, თუ ასეთი დამოკიდებულება გვექნება ერში თუ ბერში მოცემული პრობლემების მიმართ. ასევე მინდა ვთქვა, რომ შერჩევითი სამართალი და უწმინდურობა ვერანაირად ვერ იქნება სიმბოლო ჩვენი სახელმწიფოებრიობისა”, – განაცხადა პეტრე ცაავამ “მთავარ არხთან ” საუბრისას.
პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ბოლო ხანებში განვითარებული მოვლენები სახელმწიფოსა და ეკლესიაზე მიზანმიმართული შეტევაა.
“ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, გახლავთ მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფოზე და ეკლესიაზე. რა თქმა უნდა, გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც არ სურთ წყნარი, მშვიდობიანი განვითარება, ცდილობენ სხვადასხვა სახის პროვოკაციებით ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღეს. ასეთი მცდელობა ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ. რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ სახელმწიფოსა და მთავრობის წინააღმდეგ. დღეს, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს დესტრუქციული ქმედებებით შეიტანონ გაურკვევლობა ეკლესიაში. რა თქმა უნდა, ეს არის დაუშვებელი და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველოს პატრიარქი არის სიმბოლო ეკლესიის და სიმბოლო სახელმწიფოებრიობის და არავის არ მივცემთ უფლებას, ვერც სახელმწიფოში და ვერც ეკლესიაში მსგავსი დესტრუქცილი ქმედებებით რისკის ქვეშ დააყენონ ჩვენი ხვალინდელი დღე და ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
პრემიერ მინისტრი მთავრობის სხდომამდე საპატრიარქოში იყო მისული.
შეგახსენებთ, გუშინ საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სინოდმა მეუფე პეტრე ცაავა ჭყონდიდის მიტროპოლიტის თანამდებობიდან გადააყენა.
მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.
ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად წალკელი მიტროპოლიტი დაინიშნა.