საქართველოს პრემიერ მინისტრი საპატრიარქოში მივიდა. არსებული ინფორმაციით, გიორგი გახარია ამ წუთებში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ხვდება.
შეგახსენებთ, გუშინ საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სინოდმა მეუფე პეტრე ცაავა ჭყონდიდის მიტროპოლიტის თანამდებობიდან გადააყენა.
მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.
სინოდის განჩინებით, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად წალკელი მიტროპოლიტი დაინიშნა.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ მინისტრი საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს გუშინ თურქეთიდან გამოეხმაურა.
“საქართველოს პატრიარქი არის ჩვენი ქვეყნის სულიერების, ჩვენი წარსულის, დღევანდელობის და მომავლის შემკვრელი სიმბოლო. ადამიანები, რომლებიც ვერ თოკავენ საკუთარ ეგოს, უდიდესი რისკის ქვეშ აყენებენ ჩვენს დღევანდელობასა და ხვალინდელ დღეს. ეს აბსოლუტურად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე დღეს იქნება ჩვენი პატრიარქის გვერდით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამასაც მოვერევით, ამასაც გავუძლებთ და აქედანაც უფრო გაძლიერებული გამოვალთ ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.