“იმგზავროს თბილისის მერმა და მისმა მოადგილეებმა საჯარო ტრანსპორტით!” – ამ სათაურით პეტიციას, manifest.ge – ზე საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ავრცელებენ.
როგორც ინიციატორები აღნიშნავენ, მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა თითქმის შეუძლებელი გახდა.
“თბილისის მერიის არათანმიმდევრული სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგად, უკანასკნელ პერიოდში თითქმის შეუძლებელი გახდა საჯარო ტრანსპორტით მგზავრობა. მოსახლეობისთვის მეტროთი გადაადგილება იქცა გადაულახავ პრობლემად. მგზავრობისთვის ხალხს უწევს დაუსრულებელ რიგში დგომა. ავტობუსებით და სამარშუტო ტაქსებით მგზავრობს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე დასაშვებია. საჯარო ტრანსპორტით მგზავრობა იქცა დიდ დისკომფორტად, რომელსაც განვიცდით ყოველდღიურად. სატრანსპორტო პოლიტიკა არ აკმაყოფილებს სტანდარტებს და ქმნის არაჰუმანურ პირობებს მოქალაქეებისთვის. თბილისის მერი და მისი მოადგილეები კი გვარწმუნებენ, რომ შექმნილი პრობლემა ჩვენთვის სიკეთის მომტანია და უნდა გვიხაროდეს.
ყველაფერს ემატება ისიც, რომ მეტრო მუშაობს 23:00 საათამდე და გაძვირებული ტაქსის პირობებში მოსახლეობას არ აქვს საშუალება ღამის თერთმეტი საათის შემდეგ გადაადგილდეს ქალაქში.
თბილისის მერი და მისი მოადგილეები არ მგზავრობენ საჯარო ტრანსპორტით და შესაბამისად არ უწევთ იმ გზის გავლა, რომელსაც ჩვენ გავდივართ სახლიდან სამსახურში, უნივერსიტეტში, სკოლაში და სხვა ადგილებში მისასვლელად.
ჩენ ვფიქრობთ, თუ თბილისის მერი და მისი მოადგილეები ივლიან საჯარო ტრანსპორტით სამსახურში და გაიზიარებენ იმ ,,ბედნიერებას’’, რომელიც მათმა შემუშავებულმა პოლიტიკამ მოგვიტანა, გააცნობიერებენ, რომ ქალაქს არა ტაქსის გათეთრება, არამედ რეალური სატრანსპორტო პოლიტიკის წარმოება სჭირდება.
ჩვენი მოთხოვნაა :
იმგზავროს თბილისის მერმა და მისმა მოადგილეებმა საჯარო ტრანსპორტით!”- ვკითხულობთ პეტიციის ტექსტში, რომელიც ასევე სოციალურ ქსელ Facebook-ზე ვრცელდება, სპეციალურად შექმნილ გვერდზე – “ვატაროთ მერი საჯარო ტრანსპორტით”.