ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ჟურნალისტებთან ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებებს აფასებს და აცხადებს, რომ მღვდელმთავარს ენდობა, თუმცა ის განცხადებაზე დამადასტურებელი საბუთების წარდგენას ითხოვს.
„რა თქმა უნდა, ყველა ის საკითხი, რომელიც ტელევიზიით გაჟღერდა, სინოდი იმიტომ იკრიბება, რომ იმსჯელებს ამ საკითხებზე“,- აცხადებს მეუფე საბა.
მანვე უპასუხა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას და განაცხადა, რომ ის უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს დაუჭერს, თუ საკითხს სინოდი განიხილავს. მისივე თქმით, დღევანდელ სინოდის სხდომაზე სავარაუდოდ, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილება.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საპატრიარქოში12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ოფიციალური ინფორმაცია, თუ რა საკითხები განიხილება წმინდა სინოდზე, საპატრიარქოს არ გაუვრცელებია. რაც შეეხება მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებს, ამის შესახებ დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ წმინდა სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას, ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.