ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალგორის მოსახლეობა შეშინებულია – 70 წლის ქალს სამედიცინო დახმარება ვერ გაეწია და გარდაიცვალა

ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, 70 წლის ქალს ცხინვალში სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ გაეწია და გარდაიცვალა – ამის შესახენ ინფორმაციას  ​ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ავრცელებს.

მისივე თქმით, უნდა მოიხსნას შეზღუდვა ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით გადაადგილებაზე, იქ მცხოვრები ადამიანები შეშინებული არიან, რომ ავად გახდომის შემთხვევაში, დახმარებას ვერ აღმოუჩენენ.

„როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, გუშინწინ საღამოს გახდა ცუდად მარგარიტა მარტიაშვილი, რომელიც სოფელ იკოთში, დაბა ახალგორიდან ოთხ კილომეტრში ცხოვრობდა. ის ჩამოიყვანეს ახალგორის საავადმყოფოში. ბუნებრივია იქ არანაირი პირობა არ არსებობს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. თხოვნის და მოთხოვნის მიუხედავად, მაინც უარი უთხრეს გადმოყვანაზე, გადაიყვანეს ცხინვალში და იქ გარდაიცვალა.

არ ვიცი, რა დიაგნოზი ჰქონდა ამ ქალბატონს, მაგრამ დიდი ალბათობით, ის რომ დროულად გადმოეყვანათ თბილისში და ჩვენთან კვალიფიციური მკურნალობა ჩატარებოდა, ცოცხალი იქნებოდა.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო და ვთხოვო, ვისაც ხელეწიფება ამ საქმის მოგვარება, იქნებ დროულად გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა ახალგორის მიმართულებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქ მცხოვრები ადამიანები არიან ძალიან დათრგუნული, შეშინებული და ყველას, დაახლოებით 1 200 ადამიანს აქვს იმის მოლოდინი, რომ თუ ავად ან შეუძლოდ გახდა, სიკვდილი გარდაუვალი იქნება. მათ არ აქვს მოლოდინი, რომ კვალიფიციურ მკურნალობას მიიღებენ” – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.

იტვირთბა....