ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3 დაკარგულად ითვლება

იაპონიაში წყალდიდობას 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3 კი, ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო “როიტერსი” ავრცელებს.

“როიტერსის” ცნობით, სტიქია მძვინვარებს სწორედ იმ რეგიონში, სადაც ორი კვირის წინ ტაიფუნს მასშტაბური ნგრევა მოჰყვა.

რეგიონში წყალმოვარდნა და დატბორვა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. აღნიშნულის შედეგად კი, ცალკეულ ადგილებში მეწყერიც ჩამოწვა.

წყალდიდობამ შეფერხება გამოიწვია ადგილობრივ აეროპორტში. დროებით დაიხურა სარკინიგზო სადგურიც. სტიქიის შედეგად ასევე შეფერხდა საავტომობილო მიმოსვლაც.

პრემიერ მინისტრმა, შინძო აბემ კატასტროფის ჯგუფთან შეხვედრა გამართა და  ჯგუფის წევრებს სამაშველო ოპერაციებში და ზარალის შესაფასებლად, მაქსიმალური ძალისხმევის გამოვლენა სთხოვა.

იაპონიაში ორი კვირის წინ, ტაიფუნის შედეგად, სულ მცირე 88 ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი დაშავდა, ხოლო 7 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

 

იტვირთბა....