„ესენი არიან დაქირავებული პროკურორები, რომლებიც ემსახურებიან არა სამართლიანობას, არამედ ბიძინა ივანიშვილს”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
ხაზარაძის შეფასებით, ბრალდება თითიდანაა გამოწოვილი და ეს აბსურდი დამთავრდება.
„ესენი არიან დაქირავებული პროკურორები, რომლებიც ემსახურებიან არა სამართლიანობას, არამედ ბიძინა ივანიშვილს. ეს ყველაფერი დამთავრდება. თითიდან გამოწოვილი ბრალდებები და ეს აბსურდი დამთავრდება. პროკურატურა ჩიხშია, რადგან დოკუმენტალურად ყველა გადარიცხვა, ყველა ბენეფიციარი, ყველა ტრანზაქცია წარმოდგენილია. ვნახოთ, რას მოითხოვს პროკურატურა…
პირობას გაძლევთ, შოუ სრული კრახით დამთავრდება”, – განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, 24 ივლისს “თიბისი ბანის” დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ ბრალი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 26 ივლისს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით, ამასთანავე, აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.