ახალი ამბები მთავარი სამართალი

სუს-მა ქარელის საკრებულოს წევრი და მერის წარმომადგენელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და  დირბის ადმინისტრაციულ ერთეულში ქარელის მერის წარმომადგენელი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიორგი გ. მოქალაქეს დაჰპირდა, რომ 2000 ლარის სანაცვლოდ ქარელის მერის წარმომადგენელს დირბის ადმინისტრაციულ ერთეულში სოსლან ქ-ს საქონლის შეძენის დამადასტურებელ ცნობაში შეატანინებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოსდა სოფელ დირბის მაცხოვრებელმა თავის მიწის ნაკვეთზე მოყვანილი 20 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქტი აღნიშნულ მოქალაქეს მიჰყიდა.

2019 წლის 23 ოქტომბერს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა მოქალაქეს აღნიშნული ცნობა გადასცა და მის მიერ მოთხოვნილი 2000 ლარი აიღო, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.

გამოძიება ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე მიმდინარეობს და სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....