ფეისბუქის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, იგი ფლობს ინფორმაციას, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი გააგრძელებენ სხვა ქვეყნების 2020 წლის არჩევნებში ჩარევას. “ჩვენ ვაკვირდებით მათ ტაქტიკას” – ასეთ განცხადებას აკეთებს ცუკერბერგი NBC news-თან ინტერვიუში.
ცუკერბერგი ამბობს, რომ ფეისბუქი საკმაოდ სერიოზულად მუშაობს სოციალური ქსელის უსაფრთხოებაზე და კიდევ უფრო აძლიერებს ტექნიკურ მხარეს სამომავლოდ, მსგავსი მცდელობების თავიდან ასაცილებლად. “დღეს თავდაცვითი სისტემა უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ეს იყო გუშინ” – ამბობს ფეისბუქის დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ფეისბუქის ადმინისტრაციამ Facebook-ის და Instagram-ის ქსელში გამოავლინა და წაშალა ანგარიშების 4 ქსელი და ჯგუფები, რომლებშიც აშკარად იკვეთებოდა, რომ მისი ავტორები შემჩნეულები იყვნენ “კოორდინირებულ და არაავტორიზირებულ მოქმედებაში”. 3 მათგანი იყო ირანული წარმოშობის, ხოლო ერთი – რუსული.
“ისინი აშკარად მიზანმიმართულები იყვნენ აშშ-ზე, ჩრდილოეთ აფრიკაზე და ლათინურ ამერიკაზე. ისინი კოორდინირებულები იყვნენ ერთმანეთთან და და იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს (ექაუნტებს), იმისათვის, რომ თავი სხვა პირებად გაესაღებინათ. აი ზუსტად ეს გახდა, ჩვენი ადეკვატური მოქმედების მიზეზი” – ავრცელებს ინფორმაციას ცუკერბერგის ადმინისტრაცია.
ამ ინფორმაციას ჩვეულ სტილში გამოეხმაურა რუსული მხარე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, ცუკერბერგის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ყალბი ახალი ამბავი და დეზინფორმაცია უწოდა.
შეგახსენებთ, ამერიკის სპეცსამსახურები დღემდე ადანაშაულებენ რუსული მხარეს, რომ შეერთებული შტატები არჩევნებში მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა ჩარევას.