ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გვესმის, რომ სიღარიბის დონე მაღალია და ბიზნესს სჭირდება სახელმწიფოსგან მხარდაჭერა” – გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც მოკლევადიან, სწრაფ და ეფექტურ რეჟიმში არის გადაწყვეტადი მთავრობის მხრიდან, გადაწყვეტილი იქნება. იქ, სადაც სისტემური პრობლემებია, რა თქმა უნდა, თქვენი ჩართულობით, ერთობლივად უნდა მივაღაწიოთ შედეგ

პრემიერის განცხადებით, ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა, რომელიც ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

„რა თქმა უნდა, ამის გათვალისწინებით ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია გვქონდეს ძალზედ სწრაფი, ეფექტური კომუნიკაცია, სადაც შევძლებთ დავაკმაყოფილოთ ან ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელსაც დღეს ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავცეთ პასუხი, რადგან გვესმის, რომ ეკონომიკური ზრდის ნაწილში წინ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებლი, გამოწვევები ძალზედ ბევრია. გვესმის, რომ სიღარიბის დონე საკმაოდ მაღალია, გვესმის, რომ ქართულ ბიზნესს სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, რადგან გვქონდეს ძლიერი ქართული ბიზნესი, გვყავდეს, რაც შეიძლება მეტი ძლიერი ქართული კომპანიები. ჩვენ, ასევე ძალიან კარგად გვესმის, რომ ძირითადი როლი და ფუნქცია ქვეყანაში საშუალო კლასის, საშუალო ფენის შექმნაში, ასევე ბიზნესის მხრებზეა და აქ, მნიშვნელოვანწილად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას აქვს თავისი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქცია.

ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი არის – იქ, სადაც კომუნიკაციის ასეთი მექანიზმები არსებობდა სწრაფი გადაწყვეტილების მიღების და პრობლემების სწრაფად გადაჭრის, აღვადგინოთ, იქ, სადაც არ არსებობდა, ახალი შევქმნათ. ჩემი მხრიდან შემიძლია დაგარწმუნოთ იმაში, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც მოკლევადიან, სწრაფ და ეფექტურ რეჟიმში არის გადაწყვეტადი მთავრობის მხრიდან გადაწყვეტილი იქნება. იქ, სადაც სისტემური პრობლემებია, რა თქმა უნდა, თქვენი ჩართულობით, ერთობლივად უნდა მივაღწიოთ შედეგს. აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა გადაწყვეტილება, საკანონმდებლო ან სისტემური ცვლილება, რომელიც იქნება მიღებული, იქნება თქვენი სრული ჩართულობით. ოღონდ, მოლოდინებიც ადეკვატური და ობიექტური უნდა იყოს. იქ, სადაც მთავრობას მოუწევს თქმა – „არა“, ეს „არა“ ადეკვატურად უნდა იყოს მიღებული. ჩვენი, ყველას დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულება არის, რომ პასუხი იყოს სწრაფი და ამაზე ბევრი დრო არ დავხარჯოთ, იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში, არც პასუხია და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში, „არას“ ყველაზე დიდ ხანს ელოდება ხოლმე ბიზნესი და კომპანია. თქვენ პრაგმატული ხალხი ხართ, ჩვენც საკმაოდ პრაგმატულად ვაფასებთ დროს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს. იცით თქვენ, რომ გულწრფელ, ღია და მწვავე დისკუსიის რეჟიმში ამის არასდროს შეგვშინებია, არც შეგვეშინდება და მზად ვართ, რომ ყველა პასუხზე გიპასუხოთ“, – განაცხადა გახარიამ.

იტვირთბა....