ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მთავრობამ არჩევნებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს პენსიის ზრდისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ხელფასების მატებისგან – საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოკლე ანალიზსა და რეკომენდაციებს აქვეყნებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ვინაიდან 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს არჩევნებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ისეთი პროექტების განხორციელებისაგან, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის ზრდა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ხელფასების მატება. ასეთი ქმედებები აღიქმება საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად, რამაც საარჩევნო გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება მიაყენოს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს რეკომენდაციით, უმჯობესია, მთავრობამ ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის უფრო რეალისტურ მაჩვენებელზე დაგეგმოს, უნდა გაითვალისწინოს მის მიერ მიღებული სტრატეგიული დოკუმენტების მოთხოვნები და სახელმწიფო ვალის შემცირებაზე უნდა იფიქროს, ნაცვლად ვალის ზრდისა;

“ბიუჯეტიდან თანხის ხარჯვის ეფექტიანობის ასამაღლებლად გამკაცრებას საჭიროებს პროგრამული ბიუჯეტის სწორად შედგენის კონტროლი. განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიექცეს შედეგების შეფასების ინდიკატორების სწორად შერჩევას;

ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები, რომლებიც დანართშია მოცემული, ბიუჯეტის შესახებ კანონის ძირითადი ტექსტის ნაწილი უნდა გახდეს”, – აღნიშნულია ორგანიზაციის ანალიზში.

გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, პროგრამული ბიუჯეტირების კუთხით 2020 წლის პროექტშიც პრობლემებია. ზოგიერთი, მათ შორის, მაღალბიუჯეტიანი პროგრამები არასათანადოდაა შედგენილი. განსაკუთრებით პრობლემურია პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნების, საბოლოო და შუალედური შედეგების და შეფასების ინდიკატორების გამართულობა და ურთიერთთავსებადობა. პროგრამების და ქვეპროგრამების ნაწილი არ არის მიმართული პრობლემის მოგვარებაზე და შესაბამისად, არ შეესაბამება პროგრამული ბიუჯეტირების არსს და მიზანს.

იტვირთბა....