საფეხმავლო ხიდები, რომელთა დემონტაჟიც დედაქალაქის მერიის მიერ განხორციელდა, მუნიციპალიტეტის საწყობში ინახება და საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა, ისევ ააწყონ.
„ყველა ხიდი დემონტაჟის შემდეგ მიაქვთ მერიის სასაწყობე მეურნეობაში. თბილისში სულ 34 რკინის ხიდია, აქედან წლის ბოლომდე დაგეგმილია 19 ხიდის დემონტაჟი. უკვე აღებულია 9 ხიდი, დარჩენილი 10 ხიდის დემონტაჟი წლის ბოლომდე განხორციელდება. ყველა ხიდის ადგილზე, მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის, შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი, ზებრა გადასასვლელები მოეწყობა. რაც შეეხება ხიდებს, რომლის დემონტაჟიც უკვე განხორციელდა, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ ქუჩებზე შესაძლოა, ისევ დამონტაჟდეს“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში.
შეგახსენებთ, ლითონის ხიდების დემონტაჟს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. სამუშაოებისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 307 805 ლარი დაიხარჯება.