დამოუკიდებელი დეპუტატი, “სახალხო ტრიბუნის” თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ თუ ხელისუფლების სურვილია, ანაკლიის პროექტის განხორციელება, ღრმაწყლოვანი პორტი თავად უნდა ააშენოს. ჭიჭინაძე ამბობს, რომ თუ ხელისუფლება აღნიშნულ ნაბიჯს არ გადადგამს, ასეთ შემთხვევაში, დადასტურდება ვარაუდი იმის შესახებ, რომ მთავრობა ცდილობს, პორტი არ აშენდეს.
“ხაზარაძესთან სასწრაფოდ უნდა გაწყვიტონ ხელშეკრულება დარღვევების გამო (საუბარია ანაკლიის პორტის პროექტზე. რედ.) და თვითონ დაიწყონ ამერიკელებთან და საინვესტიციო ჯგუფთან საუბარი და გააკეთონ ეს პროექტი. ეს იქნება ყველაფერზე მკაფიო პასუხი. თუ ამ ნაბიჯს არ გადადგამენ, რჩება მეორე ვარიანტი, რომ ხელისუფლება ცდილობს, არ ააშენოს ანაკლიის პორტი”, – აცხადებს ჭიჭინაძე, რომელიც ასევე ეხმაურება მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილმა მას უთხრა, რომ “რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაზე და მოდი, შევეშვათ ანაკლიის პროექტს”.
“სიმართლე გითხრათ, 2017 წელს იქ ამერიკელები არ ჩანდნენ. იქ ჩინელების თემა იყო, როგორც მახსოვს. მაგრამ არ მგონია, რომ ხაზარაძის ეს განცხადება უსაფუძვლო ყოფილიყო იმიტომ, რომ რეალურად ასეთ რაღაცას ადამიანს ვერ დააბრალებ. აშშ-ს თუ უნდა შავ ზღვაში შემოსვლა, საქართველოში ივანიშვილი იქნება თუ სააკაშვილი, თუ ვინმე შეეწინააღმდეგება მათ ინტერესებს, მე არა მგონია, რომ ვინმეს ამის ძალა შესწევდეს და ასე თამამად დაუპირისპირდეს. აქედან გამომდინარე, ალბათ, რეალურად ვერ აფასებენ იმ სიტუაციას, რა სიტუაციაშიც დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება. ისეთ დამოკიდებულებაში სტრატეგიულ პარტნიორთან, როგორც ჩვენ ვართ და პრაქტიკულად ჩვენი უსაფრთხოების გარანტი დღეს აშშ-ია, მე ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადება ძალიან არასერიოზულია და საკმაოდ უპატივცემულოა სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, თუ ეს მართლა იყო ნათქვამი. დამაფიქრებელი და შემაშფოთებელია.
ეჭვი მეპარება უკვე იმაში, რომ ანაკლიის პორტის პროექტი საერთოდ განხორციელდება როდესმე. იმდენად აიმღვრა წყალი ამ პროექტის გარშემო და ისეთი განცხადებები კეთდება, რომ ჭკუათმყოფელი ინვესტორი აქ არ შემოვა. ამიტომ, ეს პროექტი კომერციული მნიშვნელობის აღარ არის. არ მესმის არც ის, თუ რატომ აკეთებს ხელისუფლება ამ 2-3 თვიან გადადებებს. თუ თვლიან, რომ ერთ თვეში არ გაკეთდა, კიდევ ერთ თვეში არ გაკეთდა, რაღაცას ხომ უნდა დაესვას წერტილი და ბოლობოლო საკუთარ თავზე აიღონ. თვითონ ამბობდნენ, რომ თუ ხაზარაძე ვერ გააკეთებს, ჩვენ ავაშენებთ ამ პორტს. გადაწყვიტონ და ააშენონ. თუ არადა, პირდაპირ უთხრა მოსახლეობას, რომ ითვალისწინებენ სხვა რეალობას და აღარ აპირებენ ამ პორტის აშენებას.
მე ვერ ვხედავ ისეთ მონდომებას ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლებას, ალბათ, თავისი ფულიც ენანება არაკომერციულ პროექტში. პირდაპირ ვერ იძახის, რომ ეს არის სტრატეგიული პროექტი, სამხედრო პროექტი”, – უთხრა “მეტრონომს” დავით ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დაფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ “მთავარი არხის” გადაცემაში “ღამის მთავარი” განაცხადა:
“არ დამავიწყდება ძალიან ცუდი საუბარი ბიძინა ივანიშვილთან 2017 წელს. მე სულ ვაყენებდი საქმის კურსში მას. შევხვდი მის რეზიდენციაში. საუბარი დაიწყო ძალიან მძიმედ. მითხრა – მოდი, შევეშვათ ანაკლიას. შენ, ეტყობა, გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი. ასეთი რაღაც მითხრა – რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში. მე მეგონა, რომ შაყირთან გვქონდა საქმე… მე ვერაფერი არგუმენტი ვერ მოვიფიქრე. დავინახე, რომ ერთ კაცს შეუძლია, ასე ხელაღებით ყველაფერი გადაშალოს. კითხვა დავუსვი – ხალხს რა ვუთხრათ-მეთქი, იცი რა მიპასუხა? – ინტერვიუს მივცემ და ყველაფერი კარგად იქნებაო”.