საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანარი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძე ჯერ პოლიტიკაში არ შემოსულა და უპასუხისმგებლო, გაურკვეველი ტერმინოლოგიით საუბრობს.
როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, მამუკა ხაზარაძისნაირი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ქვეყანას არ სჭირდება.
„დამატებითი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება, ისეთ პოლიტიკოსებთან ერთად როგორებიც არიან „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი განშტოებების მსგავსი პოლიტიკოსები. იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანი მიხვდება, რას ნიშნავს პოლიტიკაში შემოსვლა, თუ მას ამის სურვილი აქვს და სასამართლოში პოლიტიკით არ ივაჭრებს, პოლიტიკას არ ამოეფარება საკუთარი პასუხისმგებლობიდან გაქცევის გამო. ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისმგებლობის აღება. თუმცა მე უდანაშაულობის პრეზუმფციას ვიცავ და შეფასებებში ვერ შევალ. ელემენტარულია, რომ თუ კი პოლიტიკაში გსურს შემოხვიდე და ხალხის სახელით ისაუბრო, ელემენტარული ტერმინოლოგია უნდა გააკონტროლო. ამის შემდეგ გაქვს და გექნება ადამიანს პრეტენზია ხალხის სახელით ისაუბროთ. თუმცა აქამდე ჩვენ ვერ ვხედავთ საფუძველს, რომ ამ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, ხალხის სახელით ისაუბროს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ დამფუძნებელმა დღეს განაცხადა, რომ არც მას და არც ბადრი ჯაფარიძეს ბრალი არ მიუძღვით. ამასთან, მამუკა ხაზარაძის თქმით, ის აპირებს, „ქვეყანა გაწმინდოს და ღირსეული ადამიანების ხელში დატოვოს“. „მინდა, „ოცნების“ წევრებს ვუთხრა, ცოტა შეგრცხვეთ, სად დგახართ, თქვენს შვილებს ჩახედეთ თვალებში, რას ჰპირდებოდით ხალხს და რა მივიღეთ რეალურად. ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად დიდი ჭაობი. აქ არის საუბარი სამშობლოზე, ჩვენს შვილებზე, სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.