ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა სწორედ ის უნივერსიტეტი დაამთავრა, რომელიც შალვა თადუმაძემ.
როგორც მდინარაძემ თქვა, ჯანეზაშვილის დიპლომის ნამდვილობაში ეჭვი არ შეაქვს.
„გუშინ მთელი დღის განმავლობაში შეკითხვები გვქონდა წინა კანდიდატთან, მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძესთან. თქვენ მათ შორის ჩვენგან მოისმინეთ, რომ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც დეპუტატებმა ეჭვი შეიტანეს მისი დიპლომის ნამდვილობაში იყო ის, რომ ინსტიტუტს, სადაც სწავლობდა, 2003 წლიდან მიენიჭა ნოდარ დუმბაძის სახელი. ჩვენი ოპონენტების მხრიდანაც მთელი დღის განმავლობაში ამასთან დაკავშირებით შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვისმენდით. ამის გამო, საქართველოს მთავარ პროკურორს თაღლითიც კი უწოდეს და ასეთი შეურაცხყოფების ფონზე მიმდინარეობდა ეს პროცესი.
არგუმენტი მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდანაც იყო, რომ შეუძლებელია, დიპლომში მითითებული იყოს ნოდარ დუმბაძის სახელობის ინსტიტუტი 2003 წლამდე, რადგან ამ ინსტიტუტს 2003 წლის შემდეგ მიენიჭა ნოდარ დუმბაძის სახელი. შემდეგ იყო მოთხოვნა, რომ თუნდაც ერთი დიპლომი წარმოდგენილ იყო ანალოგიურად, შალვა თადუმაძის მოტანილი არგუმენტით, რომ მანამდე იწოდებოდა და ასე ოპერირებდა ეს ინსტიტუტი და საგადასახადო რეესტრში დაფიქსირებული იყო შემოკლებით, როგორც თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი. შევპირდით საზოგადოებას, რომ შევეცდებოდი, უმოკლეს ვადაში მომეძიებინა დამატებითი არგუმენტები ნებისმიერი მიმართულებით და თქვენთან ერთად, ბატონო ანრი, ჩვენ გავიხსენეთ ასეთი კურსდამთავრებული, რომელმაც 2003 წლამდე აღნიშნული ინსტიტუტი დაამთავრა. მისი დიპლომი მოვიძიეთ და მის დიპლომშიც 2002 წელი ფიქსირდება, ანუ 2003 წლამდე პერიოდი დამთავრების თარიღად. ამ ადამიანის სახელი და გვარია ნაზი ჯანეზაშვილი. ეს საჯაროა. იმიტომ, რომ ქალბატონმა ნაზიმ, სხვათა შორის რომლის კვალიფიკაციაშიც და დიპლომის სინამდვილეშიც ეჭვი არ გვეპარება, ასეთი ეჭვის გამოთქმის საფუძველი ჩვენ არ გვქონდა, ამ ადამიანმა ეს დიპლომი წარმოადგინა მაშინ, როდესაც ის იყო ასევე კანდიდატი და შემდეგ მხარდაჭერილი საქართველოს პარლამენტის მიერ. ჩვენთან ერთად ჩვენმა პატივცემულმა ოპოზიციონერებმაც დაუჭირეს მას მხარი. ასე რომ, არგუმენტი, რომლის მიხედვითაც შეუძლებელი იყო 2003 წლამდე ნოდარ დუმბაძის სახელის მითითება ამ ინსტიტუტის დასახელებაში, მოგვიწევს გვერდზე გადავდოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, 9 ოქტომბერს, პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე საქართველოს გენერალურ პროკურორს, უვადო მოსამარტლეობის კანდიდატს, შალვა თადუმაძეს მოუსმინეს. მანამდე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოქმედი გენერალური პროკურორის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში 1993 წელს ჩააბარა მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა.