შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი” 6 ოქტომბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვიშხეთში სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დროს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ მუდმივმოქმედი ფილიალის მიერ დასაქმებული – თ.ჩ. -ს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ახლობლებს. 4
კომპანია აღნიშნავს, რომ მზად არის, მაქსიმალური დახმარება და მხარდაჭერა აღმოუჩინოს მის ოჯახს.
“მომხდარი ფაქტის შესახებ ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ინფორმირებულია კომპანიის მიერ. მიმდინარეობს გამოძიება. საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ მუდმივმოქმედი ფილიალი თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან”. – ნათქვამია შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის” განცხადებაში.
„ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი გვირაბის გაყვანითი სამუშაოებისას,მომხდარ უბედურ შემთხვევაზე
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა დაიწყო მოკვლევის პროცედურები. მოკვლევის შედეგად შრომის ინსპექციამ გამოავლინა უსაფრთხოების წესების დარღვევა, კერძოდ, სამუშაოს წარმოებისას გამოიყენებოდა დაზიანებული, ამორტიზებული, ტექნიკურად გაუმართავი მძიმე ტექნიკა, სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოების წესების უგულვებელყოფა, საფრთხეების არასწორი/არასრულყოფილი იდენტიფიცირება და ა.შ.
შრომის ინსპექცია მოუწოდებს ყველა დამსაქმებელს, შრომის უსაფრთხოების კანონით გათვალისწინებული ნორმების დაცვისკენ და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შრომის ინსპექცია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს, ადამიანის ფუნდამენტური უფლების – უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად.
აღსანიშნავია, რომ წელს შრომის ინსპექცია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს” მუდმივმოქმედი ფილიალები არაერთგზის შეამოწმა, რის საფუძველზეც, კომპანიას დაეკისრა სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სახდელი, თუმცა შრომის ინსპექტორთა ინფორმაციით, აღნიშნულ კომპანიაში კვლავ გამოწვევად რჩება შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დამკვიდრება.
გამომდინარე აქედან, უბედური შემთხვევის მოკვლევის, ინსპექტირების განხორციელებისა და ანალიზის საფუძველზე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნულ ობიექტზე ადმინისტრაციული სახდელის სახით, სამუშაო პროცესის შეჩერებისა და 50 000 ლარის ოდენობით, ჯარიმის დაკისრების შესახებ.
შრომის ინსპექცია მოუწოდებს ყველა დამსაქმებელს, მოხდეს შრომის უსაფრთხოების კანონით გათვალისწინებული ნორმების დაცვა სამუშაო ადგილებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შრომის ინსპექცია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს, რათა მოხდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლების- უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა“.