პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, პარლამენტის შენობის შესასვლელთან აცხადებს, რომ მისი მოქალაქეობრივი უფლებაა, პარლამენტში შევიდეს და შალვა თადუმაძეს დაუსვას კითხვები.
როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, მის სახელზე დაშვებულია საშვი, თუმცა პოლიციის თანამშრომლები შენობაში არ უშვებენ.
„თუ მექნება უფლება, დავსვამ კითხვას, თუ არა – მოვუსმენ. მე მინდა, რომ დავესწრო სხდომას და ყველა ვხედავთ, რომ ეს შეუძლებელია, იმის გამო, რომ ამ ადამიანებს რცხვენიათ ჩემს თვალებში შემოხედვა“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
პარლამენტის შესასვლელთან იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა.
მისი განცხადებით, საშვი დაშვებულია კანონის გათვალისწინებით.
„მალხაზ მაჩალიკაშვილი უკვე დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო საკანონდებლო ორგანოში, კანონი აღარ კანონობს ჩვენს ქვეყანაში. შალვა თადუმაძეს ამ ადამიანისთვის თვალებში ჩახედვის ეშინია. მე უკვე მივმართე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელმაც სამარცხვინო პასუხი გამცა და აღნიშნა, რომ ეს მას არ ეხება, მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვნით, რომ პარლამენტში შესვლის უფლება მისცეს მაჩალიკაშვილს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე საქართველოს გენერალურ პროკურორს შალვა ტადუმაძეს უსმენენ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო” მოქმედი გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში 1993 წელს ჩააბარა მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა.