ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“დავალება მოვიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან” – ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოწყობა ფრანგული ანტიკვარიატით მოითხოვა

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციის მოწყობა ფრანგული ანტიკვარიატით მოითხოვა. აღნიშნულ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

ტელეკომპანიის ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ანტიკვარიატით მოწყობაზე მილიონ 400 000 ლარი დაიხარჯა და ფული საიდუმლო შესყიდვის გრიფით საიდუმლო ბიუჯეტიდან გამოიყო.

მათივე ცნობით, შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც თბილისში იმ ოჯახებს ეძებს, სადაც გასული საუკუნის ძვირადღირებული ნივთები შეიძლება მოიძიონ.

“მთავარს” აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ დაუდასტურა.

ჩუბინიძის განცხადებით, მისი უწყების რამდენიმე განყოფილება დიდი ხანია ბაზარზე სალომე ზურაბიშვილისთვის ანტიკვარიატის შეძენით არის დაკავებული.

“დიდი ნაწილი ეს იყო მოსახლეობიდან შეძენილ ნივთებზე. ეს უნდა აღდგენილიყო, ანტიკვარული ავეჯი უნდა განლაგებულიყო სასახლის ორბელიანის სასახლედ წოდებულ ნაწილში. თანხა გაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან… ექსპერტებმა შეაფასეს რეალურად ეს ავეჯი და შემდეგ კიდევ ერთი ეტაპი იყო, შევაჭრების ეტაპი ასე ვთქვათ და ამის შემდეგ დადგინდა საბოლოო ფასები და გადავუხადეთ მოსახლეობას, კომპანიებთან კი, არსებული წესებით მოხდა შესყიდვა. კონკრეტულად ვერ გეტყვით, ვისი სურვილი იყო, რომ ანტიკვარული ავეჯი განთავსებულიყო რეზიდენციაში, თუმცა, ჩვენთან დავალება მოვიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან”, – უთხრა “მთავარს” ანზორ ჩუბინიძემ.

პრეზიდენტის სასახლის ერთი ნაწილისთვის სახელმწიფო უზრუნველობის სააგენტო თანამედროვე ავეჯსაც ყიდულობს. “მთავარის” ინფორმაციით, კომპანია, რომელთანაც საიდუმლო შესყიდვების ხელშეკრულება გაფორმდა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას მეგობარს ეკუთვნის.

ჩუბინიძე ამ ფაქტს ვერც უარყოფს და ვერც ადასტურებს.

“თანხა სოლიდურია, მაგრამ ის იმსახურებს ამ თანხას. მე ვფიქრობ, რომ სამუზეუმო ექსპონატები გადაურჩა დაკარგვას და საქართველომ ამით არაფერი დაკარგა”, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

 

იტვირთბა....