ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი გახარია – პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გააქტიურების მიმართულებით არსებულ პოტენციალს. გერმანიის პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო ეკონომიკური რეფორმების კუთხით ლიდერია და ამ სფეროში არსებული პარტნიორობის დინამიკა მისასალმებელია.

“მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა დასავლელი პარტნიორების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების მაღალ დონეზე დაყენების მნიშვნელობას, როგორც საერთაშორისო, ისე – რუსეთთან ორმხრივ ფორმატებში. გიორგი გახარიამ გერმანიას ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში  ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბრისას, ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებით აღნიშნა  გერმანელი ექსპერტების როლი ნატო-საქართველოს არსებით პაკეტის განხორციელების პროცესში.

შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობა და აღინიშნა გერმანიის მნიშვნელოვანი წვლილი პროფესიული განათლების განვითარების სფეროში. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს გერმანიის მნიშვნელოვან მხარდაჭერას საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების მიმართულებით და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზად არის”, – ნათქვამია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

იტვირთბა....