„თბილისობის“ მეორე დღეს დედაქალაქის მერმა ლეღვთახევში, ღია ცის ქვეშ მოწყობილი მუზეუმი დაათვალიერა. მუზეუმში წარმოდგენილი იყო პროექცია კლდეზე: ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოები, ცნობილი ფერწერული ნამუშევრები და ა.შ. ასევე, სცენები ძველი თბილისის ცხოვრებიდან ახალგაზრდა მსახიობების მონაწილეობით.
მუზეუმის დათვალიერების შემდეგ, კახა კალაძე ევროპის მოედანზე მიმდინარე სპექტაკლს ,,MUARE EXPERIENCE” დაესწრო. სპექტაკლი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში საჰაერო თეატრმა როკ მუსიკის თანხლებით წარადგინა.
წარმოდგენის დასრულების შემდეგ დედაქალაქის მერმა წლევანდელი “თბილისობა” შეაჯამა.
„მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო თბილისს და საქართველოს “თბილისობა”. საკმაოდ საინტერესო ორი დღე გამოვიდა. დატვირთული იყო სხვადასხვა ღონისძიებებით, წარმოდგენებით და კონცერტებით. ვულოცავ ყველას და მჯერა, რომ ყველა ნასიამოვნები დარჩა ამ ორი დღით. როგორც გუშინ ვთქვი, მომავალ წელს „თბილისობა“ მთლიანად მიეძღვნება გია ყანჩელის ხსოვნას“, – განაცხადა კახა კალაძემ.