საქართველოსა და რუსეთს შორის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე საუბრის არხების აღდგენას გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მიესალმება. გერმანიის პრეზიდენტმა ამ საკითხზე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობა არის პრინციპი, რომლის გარეშეც ევროპაში მშვიდობა ვერ იქნება.
„ჩვენ, გერმანელებმა, ვიცით საქართველოს იმედებისა და მოლოდინების შესახებ. გერმანია მხარს უჭერს ალიანსში მიღებულ გადაწყვეტილებებს. პრაქტიკული თანამშრომლობა საზღვარგარეთ მიმდინარე მისიებშიც, მაგალითად, ავღანეთში, ბოლო წლებში კიდევ მჭიდრო გახდა. ასევე შეუცვლელი და მტკიცეა გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხშიც. ჩემი ვიზიტის ფარგლებში თავად გავეცნობი სიტუაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთთან არსებულ ადმინისტრაციულ ხაზთან. კარგია, რომ ისევ აღდგა საუბრის არხები საქართველოსა და რუსეთს შორის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ამასთან, საქართველო დამოუკიდებლად წარმოადგენს თავს და ამავე დროს აქვს თავისი პარტნიორების მხარდაჭერა. გერმანიისათვის ნათელია, რომ ტერიტორიული მთლიანობა არის პრინციპი, რომლის გარეშეც ევროპაში მშვიდობა ვერ იქნება“, – განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გუშინ ეწვია.