ახალი ამბები მთავარი სამართალი

თამთა თოდაძის დედა – მამუკა ფეიქრიშვილმა მითხრა, ილია ჯიშკარიანს დიდი გავლენები აქვს და ვერ მოერევიო

პოლიციაში თამთა თოდაძის დედის, ხათუნა ოქროპირიძის გამოკითხვა დასრულდა. როგორც  ოქროპირიძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ “ტვ.პირველთან” საუბრისას განაცხადა, მასთან მოსალაპრაკებლად მისი ყოფილი მეზობელი და ილია ჯიშკარიანის ნაცნობი მამუკა ფეიქრიშვილი იყო მისული.

“დღეს დამკითხეს დამატებით და მკითხეს, თუ ვინ იყო ილია ჯიშკარიანის მხრიდან მოსული. არ ვიცი, ვერ ვიტყვი დანამდვილებით, რომ ეს იყო მისი მხრიდან იმიტომ, რომ პირველად რომ მოვიდა, არაფერი ყოფილა, მითხრა – გამაგებინე ხათუნა რა ხდებაო. მამუკა-მეთქი, ასეთი მდგომარეობაა, რასაც მე არასდროს ველოდი მისგან. საუბარია მამუკა ფეიქრიშვილზე…. მეორე საღამოს ქვემოდან ამომძახა, გადავიხედე ფანჯრიდან და მითხრა შენი ნახვა მინდაო და თუ შეგიძლია ჩამოდიო… ჩავედი, მითხრა – მე ჩემით მოვედიო, მე ახლა წავალ, ილიას გავესაუბრები და ხვალ დილით მოვალო…. მეორე დღეს მართლა მოვიდა და მეუბნება ასეთ რაღაცას – ხათუნა, ხომ იცი, მაგას დიდი გავლენები აქვს და ვერ მოერევიო და ხომ არ დაგელაპარაკათო. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ მათგან შემოთავაზება”, – განაცხადა თამთა თოდაძის დედამ.

თოდაძის ადვოკატის, თამარ ლუკავას შეფასებით, აღნიშნული, სავარაუდოდ, მოწმეზე ზეგავლენის ნიშნებს შეიცავს. ადვოკატი იმედოვნებს, რომ პროკურატურა ამით დაინტერესდება.

პოლიციაში დღეს დამატებით თამთა თოდაძეც გამოკითხეს.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი თამთა თოდაძე აცხადებს, რომ ილია ჯიშკარიანმა მისი გაუპატიურება სცადა.

იტვირთბა....