ახალი ამბები მთავარი სამართალი

თამთა თოდაძის ადვოკატის ინფორმაციით, ილია ჯიშკარიანის ახლობლებმა თოდაძის ოჯახს გარიგება შესთავაზეს

თამთა თოდაძე, რომელიც “ქართული ოცნებიდან” თბილისის საკრებულოს წევრს, ილია ჯიშკარიანს გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, დღეს პოლიციამ კიდევ ერთხელ გამოკითხა.

პოლიციის შენობიდან გამოსულ თოდაძეს მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ახალ დეტალებზე ისაუბრა მისმა ადვოკატმა, თამუნა ლუკავამ.

როგორც ლუკავამ ჟურნალისტებს უთხრა, ილია ჯიშკარიანის ახლობლებმა თამთა თოდაძის დედას შესთავაზეს მორიგება, რაც ადვოკატის ინფორმაციით, გულისხმობდა იმას, რომ ოჯახს გაუპატიურების მცდელობის ფაქტის უარყოფა უნდა მოეხდინა.

თამუნა ლუკავა, რომელიც არ აკონკრეტებს, თუ რა შესთავაზეს თოდაძის ოჯახს აღნიშნულის სანაცვლოდ, ამბობს, რომ კომუნიკაცია ფაქტის გახმაურებამდე, 2 ოქტომბერს შედგა.

“გამომძიებელს ჰქონდა შეკითხვები თამთა თოდაძესთან და მის დედასთან იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ილია ჯიშკარიანის ახლობლების მხრიდან, მისი თხოვნით როგორც ჩანს, განხორციელდა კომუნიკაცია თამთას დედასთან და მათ მიერ შემოთავაზებული იყო მორიგება იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო ამ ფაქტის უარყოფა და არ მომხდარიყო შემდგომი წარმართვა გამოძიების. ილია ჯიშკარიანის ერთ-ერთმა მეგობარმა უთხრა თამთა თოდაძის დედას, რომ იქნებ , მორიგებულიყვნენ ამ საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა ლუკავამ, რომლის ინფორმაციითაც, აღნიშნულ საკითხზე პოლიციაში თამთა თოდაძის დედა იკითხება.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი თამთა თოდაძე აცხადებს, რომ ილია ჯიშკარიანმა მისი გაუპატიურება სცადა.

თავად ჯიშკარიანი კი, ამბობს, რომ “სიბინძურეზე საუბარი არ სურს და საქმეს სამართლებრივი გზით გაარკვევს”.

გამოძიების დასრულებამდე, “ქართული ოცნებიდან” თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით, გუშინ, 5 ოქტომბერს დედაქალაქის საკრებულოსთან აქცია გაიმართა.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება.

 

იტვირთბა....