ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“შემეხო ხელით, დამარტყა ფეხიც” – თამთა თოდაძე, რომელიც ილია ჯიშკარიანს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს, შემთხვევის დეტალებზე საუბრობს

“ქართული ოცნების” დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი თამთა თოდაძე, რომელიც ამტკიცებს, რომ თბილისის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ილია ჯიშკარიანი მის გაუპატიურებას ცდილობდა, შემთხვევის დეტალებზე საუბრობს.

როგორც თოდაძე აცხადებს, მიღბული სტრესის შემდეგ, მუშაობას ფსიქოლოგთან იწყებს.

“ჩვეულებრივ სამუშაო საათები იყო. ბ-ნი ილია ჯიშკარიანი იყო ნაბახუსევ მდგომარეობაში. თქვა, რომ გავიდოდა და მოიტანდა ალკოჰოლს და შემომთავაზა, მცირე კამპანიას ხომ არ გავუწევდი. მე ვუთხარი, რომ არ დავლევ, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე სტანდარტულად… გავიდა, მარტო ვიყავით სამსახურში… ერთი სადღეგრძელო რომ თქვა, მალევე მოვიდა ერთი ჩვენი თანამშრომელი – მამუკა გოგსაძე, მისი ნათესავია და შემდეგ კიდევ ერთი პირი შემოგვიერთდა. ისინი მალევე წავიდნენ. ეს ყველაფერი ხდებოდა შუადღისას. დავრჩით მე და ბ-ნი ილია მარტო…

ჩამეხუტე – მეუბნება და ამ ჩახუტების მერე იწყებს კისერში კოცნას. მეუბნება – მოდი გაკოცო…

ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტრესია და დღეს უშუალოდ ფსიქოლოგთან ვიწყებ მუშაობას.

…არ ვიცი, როგორ დავაღწიო თავი და ვცდილობ გავიქცე. მარტო ვართ, კარი ჩაკეტილია. ვერაფერი მოვიფიქრე, გვერდით დავინახე ტელეფონი და ვუთხარი, ბ-ნო ილია, ვიღებ ამას-მეთქი. ეს იყო თავდაცვის მექანიზმი. ტელეფონს ხელი დავავლე და ცდილობდა, რომ როგორმე ტელეფონი წაერთმია….

ძირს დამაგდო, ტელეფონი გამომტაცა ხელიდან და როგორ გითხრათ, ამ ტელეფონის მონიტორი, დაახლოებით, ხუთჯერ დაახეთქა. არ დამავიწყდება მისი ქედმაღლური მზერა – აბა, სად არის შენი მტკიცებულები? მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემეხო ხელით, დამარტყა ფეხიც. რეალობაში, ეს ყველაფერი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რასაც მოჰყვა კომპიუტერული ტექნიკის დამტვრევა. ვცდილობდი, რომ გავქცეულიყავი. გავაღე კარი და გამოვიქეცი”, – უთხრა თამთა თოდაძემ “ტვ. პირველს”.

მისივე თქმით, უშუალოდ ბიუროს ოფისში არ არის კამერა, რომელიც მისი დეპუტატის კაბინეტიდან გამოსვლას დააფიქსირებდა.

თამთა თოდაძე, რომლისთვისაც დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებიათ, ამბობს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება პოლიციამ დაგვიანებით დაიწყო.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება.

 

იტვირთბა....