ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ქართული ოცნების” დეპუტატმა თანაშემწის გაუპატიურება სცადა – “მთავარი არხი”

“ქართული ოცნების” დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი თამთა თოდაძე ამტკიცებს, რომ თბილისის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ილია ჯიშკარიანი მის გაუპატიურებას ცდილობდა. თოდაძის თქმით, შემთხვევა ისნის მაჟორიტარის კაბინეტში მოხდა.

“თავდაპირველად, ალკოჰოლური თრობის ქვეშ გადაწყვიტა, ალბათ, რომ ჩემთან დაემყარებინა აქტი…. გვერდით დავინახე ჩემი ტელეფონი და ვუთხარი – ვიღებ  ბ-ნო ილია ამას და გავასაჯაროვებ-მეთქი. დამაგდო ძირს და ეს ტელეფონი სულ მთლიანად დამიფშვნა. გამოვიქეცი სახლში – ჩემი ბიურო არის ძალიან ახლოს სახლთან. ისეთ ისტერიკაში ვიყავი, მე თვითონ საკუთარი ხელით გამოვიძახე სასწრაფო დედაჩემის ტელეფონით. ფსიქოლოგიც კი დამინიშნეს იქედან გამომდინარე, რომ მე მე არ ვარ. არ ვიცი მე ამას რა ჰქვია – სექსუალური ძალადობაც, ფიზიკური ძალადობაც”, – აცხადებს თოდაძე, რომლის ინფორმაციითაც, ძალადობისას დეპუტატმა კომპიუტერული ტექნიკა დალეწა.

თავად დეპუტატის ბიუროში აცხადებენ, რომ თოდაძე არ დადის სამსახურში იმ დღის შემდეგ, რაც “ისტერიკა” დაემართა.

“ეს გოგო სამსახურში არ დადის მას შემდეგ, რაც ისტერიკა დაემართა. მე იმ დღეს მოწმე ვერ ვიქნები, მაგრამ ვინც იმ დღის მოწმე იყო, შეგიძლიათ მას ჰკითხოთ”, – უთხრა ბიუროს თანამშრომელმა “მთავარს”.

ტელეკომპანიის ცნობით, სცადეს დაკავშირება ილია ჯიშკარიანთან, რომელმაც მოკლეტექსტური შეტყობინების სახით განაცხადა, რომ “სიბინძურეზე საუბარი არ სურს და საქმეს სამართლებრივი გზით გაარკვევს”.

სექსუალური ძალადობის შესაძლო ფაქტზე  გამოძიება მთავარმა პროკურატურამ დაიწყო. თამთა თოდაძის ინტერესებს არასამთავრო ორგანიზაცია “საფარი იცავს”.

იტვირთბა....