“რა მჭირს დასაკითხი”?! – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციის მოთხოვნას მის დაკითხვასთან დაკავშირებით.
გიორგი ვოლსკი ინფორმაციას, რომ ის ქვეყნის შიგნით არსებულ ავიაგადაზიდვების ბიზნესს მთლიანად აკონტროლებს, “სისულელესა” და “სრულ სიცრუეს” უწოდებს.
“თქვენ არ გრცხვენიათ მაინც?! როგორ მენანებით ახალგაზრდა გოგონა ამ ტყუილების საამქრომ ჩაგითრიათ და ზონდერჟურნალისტად გაქციათ. ყველაფერი თავიდან ბოლომდე არის ტყუილი… თქვენ კითხვებს კი არ მისვამთ, თქვენ გაგაზონდერეს….
რა მჭირს დასაკითხი”?! თქვენ მართლა გჯერათ, თუ თვალებზე ბინდი გაქვთ გადაკრული? თქვენ ხართ უნამუსო ადამიანების ჯგუფი”, – უთხრა გიორგი ვოლსკიმ “მთავარის” ჟურნალისტს, რომელმაც დეპუტატს ავიაგადაზიდვების ბიზნესთან დაკავშირებით შეკითხვები დაუსვა.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტურ გამოძიებას, საიდანაც ირკვევა, რომ გიორგი ვოლსკი მისი მეგობრის, ამირან მანჯავიძის ბიზნესს ლობირებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კონკრეტულ ბიზნესს სახელმწიფომ ფინანსები გამოუყოს.
ტელეკომპანიის ცნობით, საუბარია 70 მილიონ ლარზე, რომელიც სახელმწიფომ ნატახტარის აეროპორტისა და კომპანია “აკიარისთვის” ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში გაიღო.
მათივე ინფორმაციით, ვოლსკის საქმეში ჩართვის შემდეგ, ნატახტრის აეროპორტი და აღნიშნული კომპანია ყველა ტენდერში უპრობლემოდ იმარჯვებს.
ვოლსკის დაკითხვის მოთხოვნით პროკურატურას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა უკვე მიმართა.