ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გიორგი ვოლსკის დაკითხვას ითხოვს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ვოლსკის დაკითხის მოთხოვნით პროკურატურას უკვე მიმართა.
საქმე ეხება ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტურ გამოძიებას, საიდანაც ირკვევა, რომ გიორგი ვოლსკი მისი მეგობრის, ამირან მანჯავიძის ბიზნესს ლობირებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კონკრეტულ ბიზნესს სახელმწიფომ ფინანსები გამოუყოს.
ტელეკომპანიის ცნობით, საუბარია 70 მილიონ ლარზე, რომელიც სახელმწიფომ ნატახტარის აეროპორტისა და კომპანია “აკიარისთვის” ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში გაიღო.
მათივე ინფორმაციით, ვოლსკის საქმეში ჩართვის შემდეგ, ნატახტრის აეროპორტი და აღნიშნული კომპანია ყველა ტენდერში უპრობლემოდ იმარჯვებს.
“მმართველი გუნდის ლიდერი გია ვოლსკის კლასელი, მეგობარი ბიუჯეტიდან ღებულობს 70-მდე მილიონი ლარის ხელშეკრულებას და როგორ ხდება, რომ თურმე ამ ტენდერებში კონკურენტი არ ჰყავს საქართველოში, რასაც ასევე თავად ადასტურებენ. მნიშვნელოვანია დაიკითხოს გია ვოლსკი, თუ რა ფორმით ერეოდა და ერეოდა თუ არა ხელშეკრულების მიღბაში. ასევე, მნიშვნელოვანია, გამოძიება დაიწყოს უცხოელ ბიზნესმენთან დაკავშირებით, რომელიც ფაქტობრივად გააქციეს საქართველოდან. ვითხოვთ კომენტარის გაკეთებას თეა წულუკიანისგან. ჩვენი ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ ბატონი მანჯავიძე არის კლასელი გია ვოლსკის, ახლობელი და შესაბამისად, ის ლობირებს ამ მიმართულებით და ამიტომ აქვს მიღებული 70 მილიონის ხელშეკრულება, ის ასევე დაახლოებულია თეა წულუკიანთან”, – უთხრა “მთავარს” ლევან ხაბეიშვილმა.
თავად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი კი, ინფორმაციას, რომ ის ქვეყნის შიგნით არსებულ ავიაგადაზიდვების ბიზნესს მთლიანად აკონტროლებს, “სისულელესა” და “სრულ სიცრუეს” უწოდებს.
“თქვენ არ გრცხვენიათ მაინც?! როგორ მენანებით ახალგაზრდა გოგონა ამ ტყუილების საამქრომ ჩაგითრიათ და ზონდერჟურნალისტად გაქციათ. ყველაფერი თავიდან ბოლომდე არის ტყუილი… თქვენ კითხვებს კი არ მისვამთ, თქვენ გაგაზონდერეს….
რა მჭირს დასაკითხი”?! თქვენ მართლა გჯერათ, თუ თვალებზე ბინდი გაქვთ გადაკრული? თქვენ ხართ უნამუსო ადამიანების ჯგუფი”, – უთხრა გიორგი ვოლსკიმ “მთავარის” ჟურნალისტს, რომელმაც დეპუტატს ავიაგადაზიდვების ბიზნესთან დაკავშირებით შეკითხვები დაუსვა.